წინასიტყვაობა

 ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ახალი წამოწყება გარკვეულ სიძნელეებითა და წინააღმდგობებითაა აღსავსე. ცოტა არ იყოს მეც გამიჭირდა იდეის განხორციელება - შემექმნა ჩვენი, VII კლასის ლიტერატურულ შემეცნებით–საგანმანათლებლო შინაარსის ელექტრონული ჟურნალი. მაგრამ დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მგონი შევძელი ამ იდეის განხორციელება და სისრულეში მოყვანა.
ჩვენს კლასში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ. ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგი ხატავს ზოგიც აქტიური სპორტითაა დაკავებული.
ყოველივე ამის მიუხედავად, ბავშვები კარგი სწავლითაც გამოირჩევიან. შეუძლიათ ნებისმიერი საკითხის შესახებ მსჯელობა, ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და სხვებისთვის გაზიარება. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და ა.შ.  სწორედ, ბავშვების ასეთმა მრავალმხრივმა ნიჭიერებამ გადამაწყვეტინა ჟურნალის  შექმნა და მათი თქვენთვის   გაცნობა.
ჟურნალი გამოცემა მოხდება ყოველი სემესტრის ბოლოს და მასში წარმოდგენილი იქნება როგორც ბავშვების ნამუშევრები, ასევე კლასის ამბები და რაღა თქმა უნდა  მათ მიერ მოძიებული საინტერესო ფაქტები და მოვლენები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
* * * * * * *
ქვეყნად ყველაფერს თავისი სახელი აქვს. სახელის გარეშე ხომ არაფერი არ არსებობს. არც ჩვენი ჟურნალია გამონაკლისი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჟურნალს შევურჩიეთ ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი  და უბრალო სახელი - ,,ზარი“, მაგრამ თუ ლექსიკონებში ჩავიხედებით, მივხვდებით, რომ ზარი - მრავლისმეტყველია და არც ერთი ერის ყოფიერებაში ზარს იმდენი მნიშვნელობა არ მოეძებნება, რამდენიც ქართულში. ასე მაგალითად:
ზარი – ბეღელი, დაწნული სასიმინდე, რაც თავისთავად სიუხვისა და ბარაქის სიმბოლოა;
 ზარი – მწყობრი, ხალხი, გუნდი;
ზარი – ოქრო, ოქროქსოვილი, ოქრომკერდი;
 ზარი – რვალი, სპილენძისა და კალის შენადნობი;
 ზარი – ელდა, თავზარის დაცემა;
ზარი – ყვირილი, ყიჟინა;
ზარი – ზეიმი, დიდი მხიარულება და ა.შ.
 საოცარ ხმებს გამოსცემს ზარი. ზოგჯერ სულში ჩამწვდომს, ზოგჯერ გულს აფორიაქებს, . . . ჟღერენ, გუგუნებენ და მაინც იდუმალნი არიან. თითქოს მათში სულიერებისა და ყოფიერების ჰარმონიაა გამთლიანებული.
ზოგჯერ ამბობენ, ზარი ზარიაო. ყველანი ერთნაირად გამოსცემენ ხმასო. სინამდვილეში კი, ზარს იმდენი საიდუმლო აქვს, რომ ერთი ყალიბითაც კი ორი ერთნაირი ვერ ჩამოისხმება და ტონის სიმაღლე ან ზარის წონა ვერ განაპირობებს მათ იგივეობას.  
ისევე როგორც ზარი, ჩვენი ჟურნალიც იქნება მრავლისმთქმელი, საინტერესო,  სახალისო, შემეცნებით-საგანმანათლებლო შინაარსის  და ამავე დროს სხვადასხვა პრინციპით შედგენილი.